SOU Festival

Tickets

 

უილიამ ბასინსკი 
ნიუ-იორკელი უილიამ ბასინსკი ბოლო 15 წლის მანძილზე, ემბიენთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიტორია. ის, ძირითადად, „ფირის მუსიკაზეა“ ორიენტირებული, სადაც მუსიკალური ეფექტი ფირზე წინასწარ ჩაწერილი მუსიკის მანიპულაციით მიიღწევა. ასე შეიქმნა მისი 2002 წლის შედევრი „The Disintegration Loops“, სადაც ის ცდილობდა, ძველი ბაბინის ფირები გადაერჩინა და მათგან სემპლები დაემზადებინა, მაგრამ დამზადების პროცესში ფირებმა განმაგნიტება დაიწყო. ეს უნიკალური პროცესი ჩანაწერზე აღიბეჭდა, დამუშავდა და შედეგად შეიქმნა მუსიკა, რომელმაც იდეალურად აღწერა იმ პერიოდის უსიამოვნო ატმოსფერო, რაც ნიუ-იორკში ტერორისტულ ნგრევებს მოჰყვა. ეს ალბომი ბასინსკის მუსიკის ქვაკუთხედად ითვლება.

.
 


 

A Shadow in Time

2017 წლის ალბომი „A Shadow in Time“ მის მუსიკალურ გმირს, დევიდ ბოუის ეძღვნება. ორი მუსიკოსი პირველად 1970-იან წლებში შეხვდა ერთმანეთს. ალბომი ორნაწილიანია. პირველის პრემიერა 2016 წლის იანვარში შედგა, მალევე, ბოუის გარდაცვალების შემდეგ, ბასინსკიმ „For David Robert Jones“ ჩაწერა, რომელიც მისი „Disintegration Loops“ სერიის შემდეგ, ალბათ, ყველაზე მელანქოლიურია. ტენორ საქსოფონის და მთავარი ემბიენთ ლუპის 6-წუთიანი მინორული მსვლელობა, თავად ბოუის მიერ საქსოფონის გამოყენების პირველი მცდელობითაა შთაგონებული, როდესაც მან თავისი პირველი ემბიენთ ექსპერიმენტი 1977 წლის კომპოზიციაში „Subterraneans“ შექმნა. სინთეზატორი Voyetra 8 უფრო დიდ როლს მეორე ნაწარმოებში ასრულებს, რომელიც ბოუისადმი მიძღვნილი კომპოზიციისგან განსხვავებით, უფრო ცივ, პირქუშ და მანქანურ ტექსტურებს შეიცავს. ბრაინ ინოს მსგავსი დრონის ჩანართები, რომელსაც „Music For Airports“-ში მრავლად შევხვდებით, ცენტრალურ ადგილს იკავებს კომპოზიციაში. ბოლო ხუთი წუთი კი ბასინსკისვე „Melancholia II“-ის ფორტეპიანოს ჩანართის რეინტერპრეტაციაა, რომელსაც უფრო თბილ, თუმცა მაინც სევდიან ტონალურ ჟღერადობასთან მივყავართ.

.