SOU Festival

Tickets

 

მიკრო-საუნდის ოსტატი, გერმანელი კარსტენ ნიკოლაი არტისტი და მუსიკოსია, რომელიც ბერლინში მოღვაწეობს. მისი შემოქმედება ხმის ვიზუალიზაციას, ჟღერადობისა და სინათლის სიხშირის ფენომენთა ურთიერთმიმართებას იკვლევს. მისი ინსტალაციები მინიმალისტური ესთეტიკით გამოირჩევა. ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის შემდეგ, როგორებიცაა documenta X და ვენეციის ბიენალე, კარსტენ ნიკოლაის ნამუშევრები მსოფლიოს მასშტაბით იფინება.

ოლაფ ბენდერთან და ფრენკ ბრეთშტაინერთან ერთად, Alva Noto მნიშვნელოვანი ლეიბლის, Raster Noton-ის თანადამფუძნებელია. მუსიკალური კოლაბორაციებიდან საგულისხმოა ალბომების სერია რუიჩი საკამოტოსთან, რიოჯი იკედასთან, ნაწარმოებები ბლიქსა ბარგელდთან და მიკა ვაინიოსთან ერთად. დიდი წარმატება ხვდა წილად მის მუსიკას ალეხანდრო გონზალეს ინიარიტუს ფილმისთვის „გადარჩენილი“, რომელიც რუიჩი საკამოტოსთან ერთად დაწერა.

მარჯანიშვილის თეატრში გამართულ ღონისძებაზე წარმოდგენილი იყო არტისტის 2011 წლის ნამუშევარი „Univrs (Uniscope), რომელიც მიჰყვება და აგრძელებს „Unitxt” ალბომის კონცეფციას. „Unitxt” რიტმული პატერნებისა და ინფორმაციის პროცესინგზე იყო კონცენტრირებული, „Univrs“ კი ფოკუსირებას ახდენს უნივერსალური ენის კონცეპტუალურ დიფერენციაზე.

Univrs (Uniscope)-ის აუდიო ვიზუალური ნამუშევარი რეალურ დროში მასალის მანიპულაციაზეა აგებული. პროგრამიდან გენერირებული ტესტური სურათები, რომლებიც აუდიო მხარის შესაბამისია, კონტროლერიდან ვიდეო სიგნალებად გარდაიქმნება, რომლებიც არ არის განმეორებადი, თუმცა არც აუცილებლად შემთხვევითობის პრინციპზეა აგებული.

 

.