SOU Festival

Tickets

 

გიო სუმბაძე ქართველი მულტიმედია არტისტია. მისი ძირითადი მედია ფოტოგრაფიაა, თუმცა, ასევე მუშაობს ვიდეოზე, ინსტალაციებზე და გრაფიკულ დიზაინზე. 1994 წლიდან, სუმბაძე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ და უცხოელ არტისტებთან და კურატორებთან, მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ისეთ არტისტულ გაერთიანებებში, როგორებიცაა: GOSLAB და URL. სუმბაძის ნამუშევრები, ძირითადად, ფოკუსირებულია არქიტექტურაზე, ბუნების სტრუქტურებზე, გეგმარებაზე, რომელიც ბუნების ფორმებს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ კი უპირისპირდება. როგორც თვითონ ამობობს, მისი ნამუშევრები „არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.” სწორედ ამ მიმართულებით შექმნილი ნამუშევარი, “კამიკაძე ლოჯია”, ვენეციის 55-ე ბიენალეს ქართული პავილიონის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ვინაიდან “სკულპტურა” თვითონვე ასრულებდა პავილიონის ფუნქციას. სუმბაძე უკვე დიდი ხანია მუშაობს ეკოლოგიის თემაზე. გამოფენა “თხელი ყინული”, რომელზეც არტისტის ერთ-ერთი ფოტოსერია იქნება წარმოდგენილი, თავისი კონცეფციით სწორედ ამ თემას ეხმაურება. კონცეფციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ექსპოზიციის სივრცე, გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფერული ფიზიკის კვლევის განყოფილება.

.
 


 

ჰაერისა და გარემოს დაბინძურება ის მნიშნველოვანი საკითხია, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა უამრავი პრობლემა სათავეს სწორედ აქედან იღებს. იმ პირობებში, როცა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, მცირდება მწვანე საფარის წილი ქალაქში და სუნთქვა სულ უფრო ჭირს, აუცილებელია ამ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ყველა შესაძლო გზით. „თხელი ყინული“ გიო სუმბაძის პერსონალური გამოფენაა, რომლის მთავარი თემა სწორედ ჰაერის დაბინძურებაა. გამოფენის კონცეფციის ნაწილია ექსპოზიციის ადგილიც — გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფეროს ფიზიკის შემსწავლელი სექტორი, რომელიც დღეს სამუშაო პირობების არარსებობის გამო, ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას.

.