SOU Festival

Tickets

 

Sacred Horror in Design ახალ პროექტში, სახელწოდებით Sacred Horror In Design, თეირანელი ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი Sote შემსრულებლებს — არაშ ბოლურის (სანტური) და ბერუზ ფეშაის (სეტარი) დაუკავშირდა. პროექტის ფარგლებში, ტრადიციულ სპარსულ აკუსტიკურ ინსტრუმენტებთან შეთანხმებული ელექტრონული ჟღერადობა „სპარსულ ტექნო აპოკალიფსს“ ქმნის. ვიზუალური მასალის ავტორია არტისტი თარიქ ბარი, რომელიც ტომ იორკსა და Monolake-თან თანამშრომლობს. Sacred Horror In Design ტონალობისა და რიტმის ნაცნობ გამოხატულებებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და სიახლეს პოლირიტმული, პოლიტემპური და პოლიმეტრული ნიმუშებით ხელახლა ქმნის. პროექტი ტრადიციის სილამაზის შენარჩუნების პარადოქსულ ამოცანას განიხილავს და, იმავდროულად, არსებულ სტრუქტურებს ინდივიდუალურად გარდაქმნის, რის გამოც შეიძლება ის მომავალში ფოლკლორის ახალ ფორმადაც კი განიხილებოდეს.

.
 


 

ატა ებტეკარი ირანული აკადემიური ელექტრონული მუსიკის ტრადიციის ერთ-ერთი მთავარი გამგრძელებელია. უფროსი თაობის ირანელი კომპოზიტორებისგან (ალირეზა მაშაიეხი, დარიუშ დოლატ-შაჰი) განსხვავებით, მისი მუსიკა უფრო მეტად გამომწვევი და ხმაურზე მომართულია, მაგრამ აღმოსავლური მოტივები მის შემოქმედებაში ძალიან ინტენსიურადაა ჩართული. ბოლო დროს ის Sote-ს ფსევდონიმით, აკადემიურ კლასიკასთან ერთად, საცეკვაო ელექტრონულ მუსიკასაც წერს, სადაც მისი აგრესიული ხელწერა სრულადაა შენარჩუნებული. მისი 2016 წლის, რიგით მეოთხე ალბომი, „Hardcore Sounds From Tehran“ სავსეა რიტმულად და ჟღერადობრივად დატვირთული მუსიკით, სადაც კლუბური და ინდუსტრიული/ნოიზ ესთეტიკა თვითმყოფადი სახითაა მოცემული.

.