SOU Festival

Tickets

 

“მოდერნი” დაფუძნდა 1980 წელს. ის მსოფლიოს თანამედროვე მუსიკის ერთერთი წამყვანი ანსამბლია. ამჟამად ანსამბლი აერთიანებს 20 სოლისტს ათი სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ანსამბლის კულტურული ფონის გამდიდრებაში. ანსამბლი “მოდერნი” ქალაქ ფრანკურტშია დაფუძნებული. ის მსოფლიოში ერთადერთი ანსამბლია, რომელიც გამოირჩევა მუშაობის სტილის განსაკუთრებულობითა და ორგანიზაციული სტრუქტურით - ანსამბლს არ ჰყავს კულტურული ხელმძღვანელი, წევრები ერთობლივად განსაზღვრავენ და ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს, ეწევიან კო-პროდუქციასა და უძღვებიან ფინანსურ საკითხებს. ანსამბლის უნიკალური და გამორჩეული პროგრამა მოიცავს მიუზიკლს, საცეკვაო პროგრამასა და ვიდეოპროექტებს, კამერულ მუსიკას, საანსამბლო და საორკესტრო კონცერტებს.

.
 


 

სტივ რაიხი
მინიმალიზმზე საუბრისას, ყველაზე ხშირად, ალბათ, სტივ რაიხის სახელი ახსენდებათ. ამ მუსიკალური ფორმის ერთ-ერთმა პიონერმა, ფაქტობრივად, ყველაზე სოლიდური წვლილი შეიტანა ყველა იმ მუსიკალური ასპექტის ჩამოყალიბებაში, რომელიც დღეს უკვე სტილის დეფინიციად იქცა. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში მისმა მაგნიტური ფირის ექსპერიმენტულმა მანიპულაციებმა დასაბამი დაუდო ფაზირების ტექნიკას და ე.წ. „პროცესის მუსიკას“, სადაც ნაწარმოები, სხვადასხვა დადგენილი წესით, კონკრეტული დროის განმავლობაში, იგება გარკვეული სტრუქტურის მიხედვით და მისი შექმნის პროცესის მოსმენა შესაძლებელია. რაიხის ეს მიმართულება ყველა იმ სტუდიური ჟღერადობის ექსპერიმენტის საფუძველიც გახდა, რომელსაც დღესდღეობით როკის, ჰიპ-ჰოპის და სხვა ჟანრის პროდიუსერები იყენებენ.

.
 


 

Music For 18 Musicians - “მუსიკა 18 მუსიკოსისათვის” 
1970-იანი წლების შუა პერიოდში ფსიქო-აკუსტიკური ეფექტებით დაინტერესებულმა რაიხმა საკუთარი მინიმალისტური მეთოდები ახლა უკვე მეტი ინსტრუმენტული არსენალით გააფართოვა. ასე შეიქმნა „Music For 18 Musicians“ („მუსიკა თვრამეტი მუსიკოსისთვის“), რომელიც მე-20 საუკუნის კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ მწვერვალად და მინიმალიზმის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. ციკლური კომპოზიცია, სადაც თითოეულ აკორდზე 5-წუთიანი დეკონსტრუქციული მსვლელობაა აგებული, ჰარმონიისა და მელოდიის ნელ-ნელა გაფართოების თვალსაზრისითაა უნიკალური. ასევე მუსიკის ნაწილია ჩასაბერი ინსტრუმენტების დაკვრისას შემსრულებელთა სუნთქვა, რომელსაც სტრუქტურაში პულსაცია შემოაქვს.

.